მთავარი » ინფო
საქართველოს მთავრობის
დადგენილება
N 242 2010 წლის 20 აგვისტო ქ. თბილისი


ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ


თავი VI. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა
სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემის წესი


მუხლი 28. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტი (7.09.2011 N 338)
ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 29. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის მიმღები (7.09.2011 N 338)
ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის (შემდგომში – ნადირობის დოკუმენტი) მიღების უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
მუხლი 30. განცხადება ნადირობის დოკუმენტის მისაღებად
1. დაინტერესებული პირი ნადირობის დოკუმენტის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას.
2. წერილობითი განცხადება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის სახეობა;
ბ) მოპოვების ვადა;
გ) მოპოვების რაოდენობა.
3. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 31. ნადირობის დოკუმენტის გაცემის ვადა
ნადირობის დოკუმენტი გაიცემა განცხადების რეგისტრაციიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 32. ნადირობის დოკუმენტის გამცემი ორგანო
ნადირობის დოკუმენტის გაცემის უფლება აქვს სააგენტოს.
მუხლი 33. ნადირობის დოკუმენტის რეკვიზიტები
ნადირობის დოკუმენტში უნდა მიეთითოს:
ა) ნადირობის დოკუმენტის ნომერი;
ბ) ნადირობის დოკუმენტის გაცემის ადგილი, თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) ნადირობის დოკუმენტის გამცემი ორგანო;
დ) ნადირობით დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები; (7.09.2011 N 338)
ე) მოსაპოვებელი ცხოველთა სამყაროს ობიექტის სახეობა და ოდენობა;
ვ) ნადირობის დოკუმენტის მოქმედების ვადა;
ზ) ნადირობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
მუხლი 34. ნადირობის რეგულირება (7.09.2011 N 338)
1. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სახეობების კვოტებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს და ანაწილებს სააგენტოს უფროსი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კვოტების დამტკიცებამდე ნადირობა არ დაიშვება.
3. ნადირობისათვის მოსარგებლე სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურს იხდის წინასწარ, ნადირობის დოკუმენტის მიღებამდე.




ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის:
მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით
ერთ თვემდე ვადით ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის
30 ლარი
ნადირობის სეზონზე ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის
100 ლარი
კატეგორია: ინფო | ნანახია: 651 | დაამატა: a11201 | თარიღი: 23.09.2011 | სრულიად ნახვა/კომენტარები (0)

მგლის ბილიკი კვარაცხელიას ჯიშის ძროხებისკენ მიდის

ლაშა ჩიქვანი
17:35 07.05.2011

ოცდაორი თხა, რვა ძროხა, აქედან სამი – მაკე, ორმოცდაათზე მეტი შინაური ფრინველი და რამდენიმე ძაღლი: ეს არასრული სტატისტიკაა იმ ზარალისა, რომელიც სამეგრელოს რამდენიმე სოფელს მგლებისგან მიადგა.

ვისაც სამეგრელოში (ან საქართველოს ნებისმიერ სხვა კუთხეში), სოფელში უცხოვრია ან ნათესავი ჰყავს, ძალიან კარგად მიხვდება, რას ნიშნავს ოჯახისთვის მაკე ძროხის დაგლეჯა: ძროხა ზოგიერთი ოჯახისთვის ერთადერთ საარსებო საშუალებას წარმოადგენს და ამ ოჯახებს სწორედ მათი რძითა და ყველით გააქვთ თავი, რომელთა გაყიდვა სხვა პროდუქტის ყიდვის ერთადერთი გარანტიაა.

აღსანიშნავია, რომ სამეგრელოში მგლებისგან დაზარალებული ოჯახების აბსოლუტური უმრავლესობა სოციალურად გაჭირვებულთა კატეგორიიდანაა. გაუგებარია, როგორ არჩევენ ან არჩევენ თუ არა საერთოდ მგლები შეძლებულ და ღარიბ ოჯახებს, მაგრამ ფაქტია, რომ დაგლეჯილი თხებისა და ძროხების უმრავლესობა ღარიბებს ეკუთვნოდა.

ცნობილია, რომ მგელი ტყიდან შიმშილს გამოჰყავს. როგორც სამეგრელოში მწარედ ხუმრობენ, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ტყეებსაც დაეტყო: შიმშილით სიკვდილისთვის განწირული მგლები ტყეებს ტოვებენ და ბოსლებში ძროხებს უვარდებიან. უფრო იღბლიანები საკბილოს ტყეების პირას, საძოვრებზე პოულობენ და შიმშილისგან კბილებაკაწკაწებულები არც ადამიანს ერიდებიან. ასე მაგალითად, ერთ–ერთ სოფელში, საძოვარზე ნახირს მაშინ დაესხნენ თავს, როცა მწყემსი ბიჭი სულ რაღაც ათიოდ ნაბიჯში, კუნძზე იჯდა და შეყვარებულს ემესიჯებოდა.

მწყემსი ბიჭი ტყუილში არ იყო შემჩნეული, ამიტომაც მისი ყვირილი: „მგელი! მგელი!" სოფელში დარჩენილ მამაკაცებს საეჭვოდ სულაც არ მოსჩვენებიათ – ზოგმა ფიწალს დასტაცა ხელი, ზოგმა მსხვილ ჯოხს და საძოვარზე ავარდნენ, მაგრამ მგელი უკვე გაქცეული დახვდათ, მწყემსი ბიჭი კი ნადირის მიერ ყელგაოჭმულ კვარაცხელიას ჯიშის ძროხასთან ჩაჩოქილი...

როგორც ჩანს, მგლის ბილიკი სამეგრელოში მაინცდამაინც კვარაცხელიას ჯიშის ძროხებისკენ მიდის, თუმცა, მგლების აგრესიის შედეგად თხები უფრო დაზარალდნენ – რაოდენობრივად თხებს შორის მსხვერპლის მაჩვენებელი თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე ძროხების, რომ არაფერი ვთქვათ ეზოებიდან გამქრალ ქათმებზე, ინდაურებზე, ბატებსა და იხვებზე.

ზოგიერთ ოჯახში ძაღლები კი ჰყავთ, მაგრამ ნაგაზები, ე.წ. „ვოლკოდავები" იშვიათობაა, ამიტომაც სოფლების მოსახლეობამ სხვა გზას მიმართა. როცა მგლების თავდასხმამ ინტენსიური ხასიათი მიიღო, მათ ერთობლივი წერილები დაწერეს, მერე კი ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებში გააგზავნეს.

წერილში მოცემული თხოვნა, მგლების მოგერიების მიზნით სანადირო თოფების გამოყენების სესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა: იარაღის გამოყენების უფლება სოფლების ნებისმიერ მცხოვრებს არა აქვს: შეიქმნა მობილური ჯგუფები იმ ადამიანებისგან, ვისაც ნადირობის გამოცდილება გააჩნია და შესაბამის გამოცდილებასთან ერტად, სანადირო იარაღი ოფიციალურად აქვთ გაფორმებული.

სწორედ მათ დაევალათ პატრულირება და ხელშეკრულებაში ჩაიწერა, რომ მოგერიების მიზნით მგლის მოკვლის გამო ისინი არ დაჯარიმდებოდნენ. მართალია, იმ კოდექსს, სადაც მგლის მოკვლის გამო პირველად ოთხასლარიანი ჯარიმა, მეორედ კი უფრო მკაცრი ზომების გატარებაა მითითებული, აღმატებული ძალა აქვს, ვიდრე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ მონადირეები მაინც არ დაისჯებიან.

საშიშ ზონებად ზუგდიდისა და ხობის რაიონების რამდენიმე სოფელი ითვლება: ურთა, ცაიში, აბასთუმანი, თორსა, ხეთა, ხამისკური და სხვები. სწორედ ამ სოფლებში დაიწყო გასული წლის ბოლოს მობილური ჯგუფების პატრულირება და სიტუაცია შედარებით გამოსწორდა, რადგან საერთო ჯამში ამ ჯგუფის წევრებმა სამი „აგრესორი" მგლის მოკვლა მოახერხეს.

მაგრამ მგლები, რომლებიც საოცარი ალღოთი გამოირჩევიან, ამ შემთხვევაში ადამიანებზე მეტად ჭკვიანები აღმოჩნდნენ: სოფლებში შეღწევა მათ მიუვალი, უკაცრიელი ადგილებიდან, ყოველგვარი ყმუილის გარეშე, ფეხაკრეფით დაიწყეს. მობილური ჯგუფების წევრებს მოსახლეობამ „დეზერტირობაც" კი დააბრალა, რამდენიმე ქალმა კი ლოთები და უსაქმურებიც უძახა, რადგან სწორედ მათი პატრულირების დროს, ღამის საათებში მგელმა ერთი თხა დაგლიჯა და საქათმიდან რამდენიმე ქათამიც გაიტაცა. გამორიცხული არ არის, რომ მგლები რამდენიმე ჯგუფად ერთიანდებოდნენ.

მგლების მიერ შეცვლილი ტაქტიკის კვალდაკვალ, ტაქტიკის შეცვლას მობილური ჯგუფებიც აპირებენ, ასე რომ, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, გადარჩებიან თუ არა მეგრული, კვარაცხელიას ჯიშის ძროხები მგლებისგან დაგლეჯას.

კატეგორია: ინფო | ნანახია: 910 | დაამატა: a11201 | თარიღი: 22.09.2011 | სრულიად ნახვა/კომენტარები (0)




გადაიხადე და გაანადგურე! ანუ "წითელი წიგნიც" "გაიყიდა"?!

"ამ ფასად ძროხას ვერ იყიდი და კავკასიური ირემი, რომელიც რამდენიმე ეგზემპლარიღა დაგვრჩა, 1.300 ლარად უნდა მოკლან?"

"დარწმუნებული ვარ, კანონის ავტორი ტყეში ნამყოფიც არ იქნება"


საქართველოს ფაუნისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი, - ასე შეაფასა მონადირეთა ნაწილმა ცვლილება კანონში - ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ. ენერგეტიკის სამინისტროს განკარგულებით, დაშვებულია დღემდე აკრძალული სახეობების კვლა, მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი პოპულაციებისა. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ირმის, ჯიხვისა და დათვის ხოცვა. ახალი ნებართვის მიხედვით დათვს 1.000 ლარად, შველს კი 5.00 ლარად მოინადირებთ. ირმისთვის სროლის უფლება 1.300 ლარად მოგეცემათ, ყველაზე ძვირი ჯიხვზე ნადირობაა, 1.500 ლარი დაგიჯდებათ.
საკითხავია, ვინ დათვალა წითელ წიგნში შეტანილი პოპულაციები და რატომ დაიშვა ნადირობა გაიშვიათებულ, გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე?
ჯანსუღ ბოჭორიშვილი (მონადირეთა წიგნის, ,"მონადირის გზამკვლევის", თანაავტორი, საქართველოს მონადირეთა კლუბ "მონადირის" წევრი): - ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ნებისმიერ პოპულაციაზე ნადირობის ლიცენზიის გაცემამდე, ზუსტად იციან ცხოველების რაოდენობა და გავრცელების არეალი. შესაბამისად, კონკრეტულ რეგიონში კონკრეტულად არის განსაზღვრული მათი ბუნებიდან ამოღების დასაშვები რაოდენობა. ამ კანონის მისაღებად თუ ამ კრიტერიუმებით ისარგებლეს, იქნებ გაგვაცნონ ჩვენში ცხოველების ზუსტი რაოდენობა.
- მგელზე, ტურაზე, მაჩვსა და კვერნაზე კარგა ხნის წინ უნდა დაეშვათ ნადირობა. ძალიან დიდ ზარალს აყენებენ ფაუნას (ჩემი აზრით, გამონაკლისი უნდა იყოს შველი, არჩვი და კურდღელი. რაოდენობიდან გამომდინარე,  დასაშვებია მათზე ლიმიტირებული ნადირობა). საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი ირმის და ასევე გაიშვიათებული ჯიხვის მოკვლას პირადად მე, სამშობლოს ღალატის ტოლფას დანაშაულად მივიჩნევ.
დაუშვებლად მიმაჩნია ნადირობა კავკასიურ მურა დათვზეც. მიკვირს, ვინ და რა კრიტერიუმით შეაფასა ირემი 1.300 ლარად? მაგ ფასად კარგ ძროხას ვერ იყიდი და კავკასიური ირემი, რომელიც რამდენიმე ეგზემპლარიღა დაგვრჩა, 1.300 ლარად უნდა მოკლან?
ან ამ კანონებს ვინც წერს, საქმის მცოდნეს არაფერს ეკითხება? დარწმუნებული ვარ, კანონის ავტორი ტყეში ნამყოფიც არ იქნება.

ავთანდილ დარახველიძე (წიგნის "მონადირის გზამკვლევი"ს" თანაავტორი): -  წინააღმდეგი ვარ ირემზე ნადირობისა.
მონადირეები იმ შემთხვევაში არ შეეწინააღმდეგებიან ამ განკარგულებას, თუ პროცესი რეალურად კონტროლირებადი იქნება. მათ სწორედ კონტროლის იმედი არ აქვთ. ეგერები ჩვენ არ გვყავს, გარემოს დაცვის ინსპექცია ფაქტობრივად არ არსებობს, მათი 80% ჯიხვს და არჩვს ვერ არჩევს ერთმანეთისგან. უკონტროლობით უკანასკნელ ეგზემპლარსაც მოვუსწრაფებთ სიცოცხლეს ისე, რომ არავის ეცოდინება, ენდემური ჯიშის ბოლო წარმომადგენელი რომ გაანადგურა. ირემზე ნადირობას იმ შემთხვევაში დავეთანხმებით, თუ მოხდება მათი საფუძვლიანი შესწავლა, გამოვლინდება გადაბერებული და არაპროდუქტიული ხარ-ირმები, რომლებიც ხელს უშლიან პოპულაციის ზრდას. მათი დახოცვა აუცილებელია. თუმცა, პოპულაციის ზოგადი სიმცირის გამო, მთელ საქართველოში ასეთი ალბათ 4-5 ეგზემპლარი იქნება. ამას ეგერებმაც შეიძლება მიხედონ. თუ დასაბუთდება, რომ ისინი ამოსაღებია, გასცენ ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები. სხვა შემთხვევაში ირემზე, ჯიხვსა და შველზე, მით უფრო დედალ ეგზემპლარებზე ნადირობა კატეგორიულად უნდა აიკრძალოს". 
მონადირეთა და საზოგადოების კითხვების საფუძველზე "კვირის პალიტრა" ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს ესაუბრა:
- ბატონო ალექსანდრე, ცოტა ხნის წინ სპეციალისტები აცხადებდნენ, "წითელ წიგნში" შეტანილი სახეობები თანდათან მცირდებაო. სამინისტროს განკარგულებით კი მათზე ნადირობა დაიშვა. რამ განაპირობა ამ განკარგულების მიღება?

- ნადირობა საკმაოდ აზარტული მიმართულებაა, ამიტომ ამ დარგში ბევრი ტურისტის მოზიდვა შეიძლება. ისინი  დიდ თანხებს ხარჯავენ ნადირობისთვის. ამასთან, იმის გამო, რომ შარშან სოფლები აიკლეს მგლებმა და ხალხი მათზე ნადირობის ნებართვას მოითხოვდა, დავუშვით ეს უფლება. გარკვეულ სახეობებზე ნადირობისთვის სპეციალური კვოტები დაწესდება.
- არის მეცნიერულად შესწავლილი გაიშვიათებული პოპულაციებიდან რომელიმეს გავრცელების არეალი, მათი ზუსტი რაოდენობა?
- ეს ყველაფერი შესწავლილი გვაქვს. ყოველ წელს მოხდება კვოტების დადგენა და პოპულაციების შემოწმება.
- გაგვაცანით ამჯერად დადგენილი კვოტები.
- ამ ეტაპზე ვანგარიშობთ და ცოტა ხანში იქნება ინფორმაცია.
- ორიოდე წლის წინ გარემოს დაცვის სპეციალისტები, მათ შორის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომლები ამბობდნენ, ბრაკონიერების თარეშმა საქართველოს ტყეებში კატასტროფულად შეამცირა ირემი, ჯიხვი და მურა დათვიო. ორ წელიწადში მათი რაოდენობა იმდენად ჭარბი გახდა, რომ ნადირობა დასაშვებია?
- გარემოს დაცვის სპეციალისტები ამას მეტი გრანტის მიღების იმედით ამბობდნენ და არა იმიტომ, რომ მართალა ასეთ მდგომარეობაში იყო ეს პოპულაციები. თუმცა ბრაკონიერები გამალებით ნადირობდნენ ჯიხვსა და ირემზე. განა დღეს იგივე არ ხდება? ამ პოპულაციების რაღაც რაოდენობა ნებისმიერ შემთხვევაში ბუნებიდან არის ამოსაღები. მაგალითად, ხნიერი მამალი ჯიხვი აუცილებლად უნდა ამოვიღოთ ბუნებიდან, რომ გამრავლებას არ შეუშალოს ხელი. ჩვენ ამას ვნერგავთ და არა იმას, რომ  მონადირემ ხელაღებით აკეთოს ის, რაც უნდა.
- მონადირეთა ნაწილი კატეგორიულად მიუღებლად თვლის ჯიხვზე, ირემსა და მურა დათვზე ნადირობას.

- მონადირეთა ეგ კატეგორია ნუ ივლის სანადიროდ. სხვები კი მოინადირებენ იმდენს, რამდენის დახოცვაც დასაშვები იქნება.
- რის საფუძველზე განსაზღვრეთ სალიცენზიო ფასები?
- მეზობელ ქვეყნებში არსებული ტარიფებისა და იმის მიხედვით, რომ საქართველო იყოს კონკურენტუნარიანი. აზერბაიჯანი და საქართველო ერთმანეთს ესაზღვრება. ჯიხვს ხომ ვერ აუკრძალავ საზღვარზე გადასვლა-გადმოსვლას? თუ ის მონადირეები, რომლებსაც ჯიხვზე ნადირობა არ უნდათ, აკრძალავენ ამას? თუ აზერბაიჯანში დაშვებულია ნადირობა,  საქართველომ რაღა დააშავა? აზერბაიჯანის მაღალმთიან სოფლებში ჯიხვზე ნადირობა დიდად შემოსავლიანია. რატომ არ შეიძლება იგივე გაკეთდეს საქართველოში?
-  რომელი სამსახური გააკონტროლებს ნადირობას?
- ვინც დღეს აკონტროლებს,  ხვალაც ის გააკონტროლებს.
- რომელიმე კონკრეტული ქვეყნის გამოცდილება გაქვთ გამოყენებული სამონადირეო წესების ახალი მოდელის შექმნისას?
- ნახეთ ნებისმიერი ევროპული ქვეყანა. იცით, რომ ავსტრიაში ირმებზე ნადირობა უფასოა?
- ეს შესაძლებელია იქ, სადაც მგლის არარსებობის გამო ირემი ძალიან ბევრია. მგონი, საქართველოს და ავსტრიის შედარება ამ მხრივ მიზანშეწონილი არ უნდა იყოს.
- თქვენ მკითხეთ, რომელი ქვეყნების მაგალითზე მიიღეთ ეს დადგენილებაო და გპასუხობთ, რამდენიმე ევროპული ქვეყნის მაგალითზე, მათ შორის - ავსტრიის.
- როგორც ვიცი, ირემი საქართველოს "წითელ წიგნშია" შეტანილი.

- თქვენ გგონიათ, ავსტრიის "წითელ წიგნში" არ არის? "წითელი წიგნი" "წითელი წიგნია" ყველგან. ჩვენ ყველაფერი გადამოწმებული გვაქვს, თქვენც გადაამოწმეთ.
P.S. ინფორმაციის მოძიების შემდეგ დადგინდა, რომ საქართველოში არსებული პოპულაცია  - კეთილშობილი ირემი ენდემურია, დამახასიათებელია მხოლოდ კავკასიისთვის. შესაბამისად სხვა ქვეყნებში ვერ იპოვით, მათ შორის, ავსტრიაში. მცირერიცხოვნობის გამო საერთაშორისო "წითელ წიგნშია" შეტანილი. ასევე დაცულია "საქართველოს იშვიათი სახეობების წითელი ნუსხის"  მიხედვით. იმავე ნუსხის მიხედვით დაცულია დასავლეთკავკასიური ჯიხვი და მურა დათვიც. ეს სახეობები გადაშენების პირას არის. გადაშენებას იწვევს ბრაკონიერობა, საძოვრების გაფართოების გამო საარსებო არეალის შევიწროება, უკონტროლო ტურიზმი, ნადირობა და სხვ.
მურა დათვი
მურა დათვი გვხვდება დიდ კავკასიონზე, მცირე კავკასიონის ზოგიერთ ნაწილში და საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის საზღვართან. დაფიქსირებულია ვაშლოვანის, ლაგოდეხის, ბაწარის, კინტრიშის, ბორჯომის ნაკრძალებში, თუშეთში, არხოტის, დურუჯის და ლიახვის ხეობებში, თრიალეთის ქედზე, ბორჯომის ხეობაში, გურია-აჭარის ქედზე, დუშეთის რაიონში. პოპულაცია ყველა ზონაში საგანგაშოდ შემცირებულია.
დასავლეთკავკასიური ჯიხვი
დასავლეთკავკასიური ჯიხვი გვხვდება სვანეთში, შესაძლებელია შემორჩენილი იყოს რაჭასა (სვანეთის საზღვართან) და აფხაზეთში (რიწის ნაკრძალი).
კეთილშობილი ირემი
კეთილშობილი ირემი საქართველოს "წითელ წიგნშია" შეტანილი, როგორც იშვიათი სახეობა. მისი მდგომარეობა რეალურად შეესაბამება საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა კატეგორიას.
ამჟამად ირემი შემორჩენილია ლაგოდეხის, ბორჯომის, გარდაბნის, თუშეთის, ლიახვის ხეობის, ქვემო სვანეთის და რიწის ტერიტორიებზე. ყველაზე მრავალრიცხოვანია ლაგოდეხის პოპულაცია. ბორჯომის, თუშეთის და გარდაბნის პოპულაციები ძალზე მცირერიცხოვანია და საფრთხის პირასაა.

ეკა ლომიძე

/www.kvirispalitra.ge

კატეგორია: ინფო | ნანახია: 869 | დაამატა: a11201 | თარიღი: 19.09.2011 | სრულიად ნახვა/კომენტარები (2)

17:54:35                         14.09.2011
სანადირო ადგილების ჩამონათვალი კანონით განისაზღვრება

საბეჭდი ვერსია

საქართველოში სანადირო ადგილების ჩამონათვალი კანონით განისაზღვრება. შესაბამისი ცვლილების შეტანა ტყის კოდექსში იგეგმება, რომლის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები: პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან.

პროექტის თანახმად, კანონმდებლობით განისაზღვრება, რომ ნადირობა შეიძლება, განხორციელდეს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე. ნადირობა დაშვებული იქნება ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ეროვნულ პარკში, აღკვეთილში, დაცულ ლანდშაფტსა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე; აფხაზეთსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიასა და ადგილობრივი მნიშვნელობის ტყეში.

ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებულ ცხოველებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი განსაზღვრავს.

კანონის დღეს მოქმედ რედაქციაში საუბარი არაა იმაზე, თუ სად და რა დოკუმენტის საფუძველზე შეიძლება ნადირობა და ვინ გასცემს ამ დოკუმენტს.  www.medianews.ge

კატეგორია: ინფო | ნანახია: 667 | დაამატა: a11201 | თარიღი: 15.09.2011 | სრულიად ნახვა/კომენტარები (3)

სამეგრელოში მგლებს „მგლური" კანონებით შეებრძოლებიან

16:30 07.05.2011
[ლაშა ბერულავა]

იყო დრო, როცა სამეგრელოში მგლებს მხოლოდ ილუსტრირებულ წიგნებსა და ჟურნალებში ათვალიერებდნენ, ხოლო ბავშვები მაშინ ხედავდნენ ცოცხალ მგლებს, როცა კარგად სწავლის სანაცვლოდ მამებს თბილისში, ზოოპარკში მიჰყავდათ.

 

ოცდამეერთე საუკუნემ ყველაფერში, მათ შორის, მგლების შემოსევაშიც თავისი კორექტივები შეიტანა და ახლა სამეგრელოს ტყეებიდან გამოსული მგლები 40 კილომეტრს გადიან, სხვადასხვა სოფლებს სტუმრობენ და დასახლებულ პუნქტებში სტუმრობაზეც არ ამბობენ უარს.

 

იმ დროებაში, როცა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისია და ადამიანებს შიათ, რა გასაკვირია, მგელსაც მოშივდეს: ტყეში წვრილფეხა ნადირი აღარ არის ან თუ არის, მგლებს ერიდება, მგელი კიდევ ხეზე ვერ ავა და ფრინველს ვერ დაუდარაჯდება: ბოლო გამოსავალი საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება და რომელიმე სოფლის განაპირა ნაწილზე თავდასხმაა. მგლები ამას ზოგჯერ ჯგუფურად აკეთებენ.

 

მართალია, ჯერჯერობით ადამიანებს ერიდებიან და სამეგრელოს რეგიონში ადამიანებზე თავდასხმა არ მომხდარა, მაგრამ, სამაგიეროდ, თავს ესხმიან საქონელსა და შინაურ ფრინველებს, რაც ზოგიერთი ოჯახისთვის არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე ადამიანზე თავდასხმა.

 

სამეგრელოში, ქალაქ ზუგდიდის აღმოსავლეთ შესასვლელისგან მარჯვნივ ურთას მთა მდებარეობს, რომელიც ნაწილობრივ მეჩხერი, ნაწილობრივ კი უღრანი ტყითაა დაფარული. ამ მთის ძირას და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე სოფელია განთავსებული: ურთა, ცაიში, ოდნავ მოშორებით, აბასთუმანი და თორსა. ამ საშიშ ზონაში შედის რამდენიმე სოფელი ხობის მუნიციპალიტეტიდანაც.

 

მოსახლეობა შეწუხებულია, რადგან, საკმაოდ თბილი ზამთრის მიუხედავად, მგლები ტყიდან გამოდიან და საქონელს ესხმიან თავს. როგორც ერთ–ერთმა, სოფელ თორსაში მცხოვრებმა მამაკაცმა, ბესა ჯიქიამ გვითხრა, იყო შემთხვევა, როცა მთელი სოფლის ნახირი საძოვარზე იყო წასული და ძროხებზე თავდასხმა მწყემსის თვალწინ მოხდა:

 

„მწყემსი ახალგაზრდა კაცი იყო, არ შეშინდა და ჯოხის ტრიალთან ერთად ხმამაღლა ყვირილიც დაიწყო, თანაც, უკვე ყელგამოჭმული, პატარა ზომის ხბოს სისხლის ხვრეპით გართულ მგელს ჯოხს ცხვირწინ უტრიალებდა, თუმცა, საბედნიეროდ, მგელს ხვრეპა და ჭამა არ შეუწყვეტია. როგორც იცით, ასეთ დროს ნებისმიერი ცხოველი ღიზიანდება ხოლმე და არ იყო გამორიცხული, მგელი მას მიბრუნებოდა.

 

ყვირილზე საძოვარზე რამდენიმე მამაკაცი ავედით, თუმცა, სამი ყელგამოჭმული ძროხის და შეშფოთებული მწყემსის გარდა არავინ დაგვხვდა. საერთოდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში მგლებისგან ისე დავზარალდით, როგორც არასდროს. მარტო ჩვენს სოფელში მგელმა 12 თხა დაგლიჯა ერთ სეზონზე, ძროხებს კი 7–ჯერ დაესხნენ თავს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს, როცა სამეგრელოში მცხოვრებ გლეხს მგელი მაკე ძროხას დაუგლეჯს..."

 

მგლების შემოსევების სიხშირის გამო გასულ წელს მოსახლეობამ ერთობლივი განცხადებით მიმართა ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებს, რათა მათთვის, გამონაკლისის სახით, ნება დაერთოთ, რომ მგლებს სანადირო თოფებით გამკლავებოდნენ.

 

როგორც ცნობილია, მგლის მოკვლა  კანონით ისჯება და 400 ლარიან ჯარიმას, გამეორების შემთხვევაში კი უფრო მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს. გამგეობებმა მიიღეს გადაწყვეტილება, საშიშ ზონებში მგლების მოგერიების მიზნით მობილური ჯგუფები შეექმნათ, სადაც მონადირეთა კავშირის წევრები და ის მოხალისეები გაწევრიანდებოდნენ, რომლებსაც სანადირო თოფების გამოყენების უფლება აქვთ.

 

წლის დასაწყისიდან ასეთი მობილური ჯგუფები მართლაც მოქმედებს და თავდაპირველად რამდენიმე სოფელში სიტუაცია თითქოს გამოსწორდა, მაგრამ მგელი, ზოგადად ჭკვიანი ცხოველია და სიტუაციას მალე აუღო ალღო. შეიძლება ითქვას, ამ ღონისძიებამ არა ღონისძიებაში მონაწილეთა უსუსრობის ან მოუხერხებლობის, არამედ მგლების მხრიდან ალღოს აღების გამო არ გაამართლა.

 

ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებენ თუ არა სამეგრელოს მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლება, რამე დაუპირიპირონ მგლების ახალ შემოსევას, თუმცა ფაქტია, რომ ბრძოლა უთანასწოროა: ამ დაპირისპირების პროცესში მგლებმა ოცზე მეტი თხა და ათზე მეტი ძროხა დაგლიჯეს, მობილური ჯგუფების წევრთა ტყვიის მსხვერპლი კი მხოლოდ სამი მგელი გახდა...     www.presa.ge

კატეგორია: ინფო | ნანახია: 749 | დაამატა: a11201 | თარიღი: 15.09.2011 | სრულიად ნახვა/კომენტარები (0)

"დედოფლისწყაროში ძაღლებმა 209 ადამიანი დაკბინეს!"
"დედოფლისწყაროში, სპირიდონ პოპიაშვილის ოჯახში, 6 წლის ბავშვს, რომელიც თბილისიდან სტუმრად იყო ჩამოსული, მეზობლის კატამ სახე დაუკაწრა. ასეთ შემთხვევაში იმუნოგლობულინის ვაქცინის გაკეთება აუცილებელია, მაგრამ ის რაიონში არა აქვთ.

ბავშვი თბილისში წაიყვანეს, ხოლო კატა მეორე დღესვე მოკვდა, რადგან ცოფიანი აღმოჩნდა. ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა, ბავშვისათვის სასწრაფოდ რომ არ მიეხედათ?!" - ამბობს პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილი, რომელმაც რაიონისათვის უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება:  

- ქალბატონო თამილა, რა მოხდა შემდეგ, როდესაც დადგინდა, რომ ეს კატა ცოფიანი იყო?
- ჰერეთის ქუჩა, სადაც ეს ამბავი მოხდა, ინფექციის კერად გამოცხადდა და ყველა, ვინც კატას შეეხო, მკურნალობს. 34 ადამიანი იტარებს მკურნალობის სრულ კურსს. რაიონის მესვეურებმა მხოლოდ ამ შემთხვევის გახმაურების შემდეგ გაამახვილეს ყურადღება პრობლემაზე, დედოფლისწყარო ცოფის გავრცელების მხრივ რისკის ზონაშია, რადგან ეს საზღვრისპირა რაიონია, ტყეები ახლოს გვაქვს, ძალიან ბევრია მგელი, ტურა. რამდენიმე თვის წინ სოფელ წითელწყაროში მგელი წყაროსთანაც კი დაინახეს. ცოფის ვირუსის გადამტანებად სწორედ გარეულ ცხოველებს მიიჩნევენ, ამიტომ რაიონში ცოფის გავრცელების საშიშროება ძალიან მაღალია. იანვარში, როდესაც ჩვენი რაიონის ბიუჯეტი დამტკიცდა, ცოფის პრევენციაზე თანხა გამოყოფილი არ იყო.

ჩვენ ეს გავაპროტესტეთ და უკვე თებერვალში საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა განაცხადა, რომ ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებებისათვის 16 ათას 350 ლარი გამოიყო. ამ თანხით უნდა მომზადებულიყო პერსონალი, მოსახლეობისათვის პროფილაქტიკური და საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩაეტარებინათ, ანტირაბიული კაბინეტი მოეწყოთ და აცრები ჩაეტარებინათ. თანხა ჯანდაცვის ცენტრს ჩაურიცხეს, მაგრამ რატომღაც რაიონში იმუნოგლობულინის ვაქცინა არ არის, მაწანწალა ძაღლებისაგან მოსახლეობის დასაცავად კი თავის დროზე არაფერი გაკეთებულა.

ადგილობრივი მოსახლეობა ბოლო ხანებში შეწუხებული იყო ძაღლების სიმრავლით. ხალხი ამბობდა, ქუჩაში ვეღარ გაგვივლიაო. მოსახლეობამ განცხადება გამგეობაშიც შეიტანა, მაგრამ ამის საპასუხოდ საკრებულოს თავმჯდომარემ და გამგებელმა განაცხადეს, ჩვენ ვეძებთ ჰუმანურ გზას, რომ ეს პრობლემა გადავწყვიტოთო.

- მაინც რა იგულისხმეს "ჰუმანურ გზაში?"
- ალბათ, მაწანწალა ძაღლების თავშესაფარში მოთავსება. მე ცხოველების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: დღეს, როდესაც საქართველოში სოციალური სიდუხჭირეა, ამდენი ხალხი ვერ დაგვიბინავებია, როდესაც ლტოლვილებს ყრიან საცხოვრებელი ადგილებიდან, ჩვენი საკრებულოს თავმჯდომარე თვეების განმავლობაში ფიქრობს მაწანწალა ძაღლების დაბინავებაზე. ვიდრე ჩვენი საკრებულო და მისი თავმჯდომარე 4-5 თვის განმავლობაში ფიქრობდნენ, რა ჰუმანური გზა გამოეძებნათ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, დედოფლისწყაროში 209 ადამიანი დაკაწრეს და დაკბინეს მაწანწალა ძაღლებმა.

როდესაც ადამიანს შინაური ძაღლი დაკბენს, აკვირდებიან და თუ ცხოველი არ მოკვდება, ათი დღის შემდეგ ვაქცინაცია წყდება, მაგრამ მაწანწალა ძაღლისაგან დაკაწვრის ან დაკბენის შემთხვევაში ადამიანი იძულებულია, მკურნალობის კურსი სრულად ჩაიტაროს და სოლიდური თანხა დახარჯოს, რადგან ვაქცინაცია ფასიანია. ისედაც გაჭირვებული ხალხი იძულებულია, გაიკეთოს ვაქცინა, რომელსაც ჯანმრთელობისთვისაც არ მოაქვს სასიკეთო შედეგი.

- თუ აღირიცხა რაიონში ცოფით დაავადების შემთხვევები?
- რაიონის ჯანდაცვის ცენტრი აცხადებს, ცოფის შემთხვევა ადამიანებში არ აღრიცხულაო, მაგრამ 2011 წელს ცხოველებში გამოვლინდა ცოფის ოთხი შემთხვევა. ერთ-ერთ ოჯახში ცოფიანი ძროხა აღმოჩნდა, რის გამოც მთელმა ოჯახმა აცრები ჩაიტარა. ამ შემთხვევების შემდეგ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სასწრაფო პრევენციული ღონისძიებები უნდა გაეტარებინა. თავზე ხელი კი არ უნდა შემოედოთ და ეფიქრათ, ნეტავ რომელი ჰუმანური გზა მოვძებნოთ ამ საკითხის მოსაგვარებლადო. ამასობაში, ვიდრე ჩვენი საკრებულო და მისი დეპუტატები ფიქრობდნენ და მსჯელობდნენ, ასეთი სავალალო შედეგი მივიღეთ:

209 ადამიანს პროფილაქტიკის მიზნით მოუხდა მკურნალობა, 34 კი ცოფიან კატასთან კონტაქტის გამო მკურნალობის სრულ კურსს თუ არ ჩაიტარებს, სასიკვდილოდ არის განწირული. მათგან ორი ამბობს, კი შევეხეთ კატას, მაგრამ უფულობისა და უსახსრობის გამო ვერ მოვახერხეთ აცრის ჩატარებაო. ამის საპასუხოდ ჯანდაცვის ცენტრის მოადგილე ლალი ალადაშვილმა ინტერნეტგაზეთ "ქიზიყში" აბსურდული განცხადება გააკეთა: მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები დაგვპირდნენ, ამ ორი ადამიანის მკურნალობას ჩვენ დავაფინანსებთო.

მგონი, ჯანდაცვის ცენტრში უნდა იცოდნენ, რომ ადამიანი, რომელიც შეეხო ცოფიან ცხოველს, 24 საათის განმავლობაში უნდა აიცრას, შემდგომში მისი მკურნალობა უკვე დაგვიანებულია. როდესაც ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ასეთ განცხადებას მერვე დღეს აკეთებს, აშკარაა, რომ ის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის პიარზე უფრო ზრუნავს, ვიდრე ხალხზე. როდესაც მკურნალობა დაგვიანებულია, გინდ აუცრან და გინდ ხალიჩაზე დააბრძანონ, პაციენტს მაინც ვერაფერი უშველის.

- თუმცა ამბობთ, რომ ჰერეთის ქუჩაზე მომხდარმა ფაქტმა რაღაც სასიკეთო შედეგი მაინც გამოიღო.
- ამ ამბის გახმაურების შემდეგ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა გამოფხიზლდა და დედოფლისწყაროში მაწანწალა ძაღლები სადღაც გააქრო.

- დროულად რატომ არ მიხედეს ამ ძაღლებს?
- იმიტომ, რომ გულგრილად ეკიდებიან ხალხის პრობლემებს. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ამ ხალხმა სარჩელი რომ შეიტანოს შესაბამისი სამსახურების წინააღმდეგ, სასამართლო პროცესს მოიგებს. წესითა და რიგით, თავიდანვე უნდა ჩატარდეს პრევენციული ღონისძიებები, რომ მოსახლეობა დაცული იყოს ისეთი საშინელი დაავადებებისაგან, როგორიცაა ცოფი, ჯილეხი და სხვა. ვეტერინარიის სამსახური თავს იმართლებს, რა ვქნათ, არ გვაძლეენ ცოფის ვაქცინას, თანაც შტატები შეგვიმცირესო, ერთადერთი სპეციალისტია დარჩენილი ამ სამსახურში - ეთერ იაკობიშვილი.

მართალია, ერთი და ორი ადამიანი ვერ შეძლებს მთელი რაიონის ცხოველების აცრას, მაგრამ ხომ შეიძლება ხალხი გააფრთხილონ. ისე, ერთი იმ 250 ოჯახშიც შეიხედონ, რომელიც მკურნალობს, ზოგიერთს პურის ფულიც არა აქვს და იძულებულია დაკბენილმა საავადმყოფოში იაროს და აცრები ჩაიტაროს. ვეტერინარიის სამსახურში ვინც დარჩა, პრევენციისათვის ისიც არაფერს აკეთებს. რაიონის მოსახლეობა დაუცველია, მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ ეს არავის ანაღვლებს.

P.S. დედოფლისწყაროს რაიონის ვეტერინარიის სამსახურის წარმომადგენელმა ეთერ იაკობიშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა: "მე უფლებამოსილი არ ვარ, ჟურნალისტებს ინტერვიუ მივცე, თუმცა ისიც უნდა გითხრათ, რომ რაიონში უკვე ყველა ღონისძიება ჩატარდა ამ პრობლემის მოსაგვარებლად."

ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/41131-qdedoflistsyaroshi-dzaghlebma-209-adamiani-dakbinesq.html#ixzz1Y0HKfoy7
კატეგორია: ინფო | ნანახია: 798 | დაამატა: a11201 | თარიღი: 15.09.2011 | სრულიად ნახვა/კომენტარები (0)

ნადირობა - ძვირი სიამოვნება
როკმომღერალი, ჯგუფ "ვაკის პარკის" სოლისტი ზაზა ხუციშვილი დიდი ხანია, ნადირობით არის გატაცებული და ნადირობის მოყვარულთათვის რადიო "უცნობის" ეთერში გადაცემა "მონკავშირს" უძღვება.

ჰყავს სამი ძაღლი: ფრინველზე მონადირე ინგლისური სეტერი, კურდღლის მეძებარი ჩელსი და მწევარი ჰამილტონი. ვინაიდან ნადირობის სეზონი გაიხსნა, ამ თემაზე სასაუბროდ სწორედ ნადირობის მოტრფიალე ზაზა ხუციშვილს ვეწვიეთ.

- ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნა. მე, როგორც ნადირობის ტრფიალი, უკვე ვიყავი სანადიროდ და ამ დღეებშიც მივდივარ. ისე, მიმაჩნია, რომ უპრიანი იქნება, სანადირო სეზონი 28 აგვისტოს შემდეგ გაიხსნას. რადგან მანამდე მწყერი თითქმის ბარტყია და მასზე ნადირობა ჭირს.

- როდემდე გასტანს ნადირობის სეზონი?
- სხვადასხვა ნადირ-ფრინველზე სხვადასხვა დროს იხსნება და მთავრდება. მწყერზე ნადირობის სეზონი მეტად ხანმოკლეა, 22 აგვისტოდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე გასტანს. მწყერს მოჰყვება გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი. მაგალითად, ოქტომბერში - ტყის ქათამზე, გარეულ იხვზე და ა.შ. ხოლო ე.წ. აბორიგენ ფრინველებზე, რომლებიც თბილ ქვეყნებში არ მიფრინავენ - ხოხობი, კაკაბი, გნოლი და დურაჯი - ნადირობის სეზონი გვიან შემოდგომით გაიხსნება. ოღონდ მონადირემ უნდა შეიძინოს სამონადირეო მეურნეობისგან ლიცენზია კონკრეტულ ფრინველზე ან ცხოველზე ნადირობის სეზონზე.

- რა ჯდება ნადირობის ლიცენზიის აღება?
- გადამფრენ ფრინველებზე (მწყერი, ქედანი, გარეული იხვი, ტყის ქათამი, ჩიბუხა და ა.შ.) ნადირობის ლიცენზია მთელი სეზონის განმავლობაში 10 ლარი ღირს. აბორიგენ ფრინველებზე კი ლიცენზია 15-დან 25 ლარამდე მერყეობს. ლიცენზიის გარდა, გასათვალისწინებელია საწვავის ფასი, საგზალი.. ასე რომ, ნადირობა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ამ სფეროში 1990-იანი წლების დასაწყისში სრული განუკითხაობა სუფევდა - სანადირო კანონმდებლობა აბსურდული იყო - მტაცებელ ცხოველზე ნადირობა იკრძალებოდა. ამიტომაც მომრავლდა ასე მგელი, ტურა, მელა და დღეს თითქმის ყველა სოფელი შეწუხებულია მათი თავდასხმებით.

მომხრე ვარ, ყველაფერი კანონს დაექვემდებაროს. აქამდე ამ სფეროში დიდი ქაოსი იყო. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ კურდღელზე და კაკაბზე ნადირობის სეზონი ხანმოკლეა, მათზე მაინც წელიწადის ნებისმიერ დროს ნადირობდნენ. ანალოგიური რამ შემიძლია ვთქვა ჯიხვზე, რომელიც წითელ წიგნშია შეყვანილი. დარწმუნებული ვარ, კავკასიური ჯიხვის მოსანადირებლად უამრავი უცხოელი ტურისტი ჩამოვა და იმედია, მხოლოდ ჯიხვზე ნადირობით არ დაკმაყოფილდებიან, ერთი კვირით მაინც გაჩერდებიან, ღვინოს დააჭაშნიკებენ, მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს და ა.შ. სანადირო ტურიზმი მსოფლიოში ყველაზე მოგებიან ბიზნესად მიიჩნევა, ჩვენთან კი რატომღაც ყველაფერზე აკრძალული იყო ნადირობა.

ამ თემაზე გარემოს დაცვის სამინისტრო ცვლილებებს გეგმავს და როგორც ჩანს, სასიკეთოდ განვითარდება პროცესი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას შეეძლება წავიდეს და ჯიხვი მოკლას. ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოექცევა, ერთი ჯიხვის მოკვლა ეღირება გარკვეული საფასური და ამის შემდეგ სანადირო მეურნეობებს შეეძლებათ ჯიხვზე ნადირობის ლიცენზიის გაცემა. ეს ყველაფერი აქამდე უნდა გაკეთებულიყო, რადგან დღეს გადაშენების პირასაა ნადირ-ფრინველი, განსაკუთრებით მგლისა და სხვა მტაცებლების სიმრავლის გამო.

- რამდენი ფრინველის მოკვლის უფლება აქვს მონადირეს დღეში?
- გარემოს დაცვის კანონით ერთ ნადირობაზე 20 მწყერის მოკვლაა დაშვებული. მეც, როგორც კანონმორჩილი მონადირე, ნადირობისას მეტს არც ვკლავ.

- დღეს დაახლოებით რამდენი მგელი ბინადრობს საქართველოში?

- ეს არავინ იცის, რაც გარემოს დაცვის სამსახურის სისუსტეზე მიანიშნებს. 1990 წლის მონაცემებით საქართველოში 3000-მდე მგელი იყო, ხოლო წელიწადში მტაცებელთან ბრძოლის სექცია 400 მგელს კლავდა. ამიტომაც იყო ბალანსი შენარჩუნებული. სწორედ იმხანად იყო 35 ათასი ჩლიქოსანი, მათგან 3 ათასი ირემი. დღეს კი საქართველოში 240 ირემიღა დარჩა. ეს 240 ირემი 5000 მგლის არსებობის პირობებში როგორ გამრავლდება, გაუგებარია.

- ტყეები როგორ მდგომარეობაშია?
- წალკაში მთლიანად გაჩეხილია ხელოვნურად გაშენებული ფიჭვნარი. გაჩეხილია ტყე ბეთანიის გარშემო, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით 6 თვის წინ ტყეებში გარემოს დაცვის წარმომადგენლები გამოჩნდნენ და ყურადღებას აქცევენ ტყეს. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ სახელმწიფო მოხელეების ნებართვით დასავლეთ საქართველოში წაბლის ტყეებია გაჩეხილი.

ნინო მაისურაძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/41091-nadiroba-dzviri-siamovneba.html#ixzz1Y0FJ9xYl
კატეგორია: ინფო | ნანახია: 930 | დაამატა: a11201 | თარიღი: 15.09.2011 | სრულიად ნახვა/კომენტარები (1)





უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში იარაღის შემოტანა უმარტივდებათ

ბეჭდვა



ელფოსტა









15:23 - 14.09.2011

sanadiro_topi.jpgუცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ნადირობის მიზნით იარაღის შემოტანა უმარტივდებათ.



დღეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში სანადირო ან
სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი შემოიტანოს, თუკი მას ნადირობასთან ან
სპორტულ ღონისძიებაზე მოწვევასთან დაკავშირებული კონტრაქტი  და შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ნებართვა გააჩნია. ამასთან,
შემოტანილი იარაღი მან საქართველოდან კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში
უნდა გაიტანოს.



"იარაღის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის მიხედვით კი,
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში უცხო
ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ნადირობის მიზნით კუთვნილი სანადირო
იარაღის შემოტანა-გატანა ზემოთაღნიშნული ნებართვების გარეშე შეეძლება.



პროექტი დეპუტატებმა პავლე კუბლაშვილმა, კახა ანჯაფარიძემ და ზვიად კუკავამ მოამზადეს. www.pirveli.com.ge
კატეგორია: ინფო | ნანახია: 630 | დაამატა: a11201 | თარიღი: 15.09.2011 | სრულიად ნახვა/კომენტარები (1)

მგლებმა ახლა ლეჩხუმს შეუტიეს

18:59 14.09.2011
[თეონა მანაგაძე]

კახეთის რეგიონის მსგავსად, მტაცებელი ცხოველები არც ლეჩხუმს სწყალობენ. ლეჩხუმის რამდენიმე სოფელს, მგელი თავს ესხმის და მოსახლეობის კუთვნილ საქონელს გლეჯს. ადგილობრივები პანიკაში არიან და მთავრობას დახმარებას სთხოვენ.

როგორც „პრესა.ჯი"-ს წყალტუბოს რაიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ განუცხადა, მგელი ტყიდან სოფლებში ჩადის და პირუტყვს ანადგურებს.

სოფელ ლეხიდრისთავში მცხოვრებლის თქმით, ცოტა ხნის წინ, მის ოჯახს მგელმა ძროხა შეუჭამა და ღორი დაუგლიჯა. მისი ინფორმაციით, რაიონში მსგავსი ფაქტები ხშირია და მოსახლეობა მგლის მოკვლის უფლებას ითხოვს.

„პრესა.ჯი"-სთან საუბრისას, ადგილობრივებმა შემზარავი ფაქტიც გაიხსენეს. შარშან ზამთარში, სოფელ საჩხეურში საშუალო ხნის მამაკაცი, საკუთარ ეზოში თავისა და ხელის გარეშე იპოვეს. მათი განცხადებით, ამ ფაქტის გამო მოსახლეობა პანიკაში იყო.

საკითხის გარკვევას „პრესა.ჯი" პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა გამცემლიძესთან შეეცადა.

გამცემლიძის განმარტებით, მგელი წითელ წიგნშია შეყვანილი და გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების სტრატეგიაა, რომ მგლის არცერთი სახეობა არ უნდა გადაშენდეს. შესაბამისად, მგლის მოკვლა განსაკუთრებული შემთხვევების გარდა იკრძალება. 

მისი ინფორმაციით, საბჭოთა კავშირის დროს მგლის ტყავში თანხებს იხდიდნენ, რის გამოც, მოსახლეობის ნაწილი ამ ცხოველს ხოცავდა და ერთგვარ ბიზნესს აწყობდა.

„ამ ვითარების გამო, საქართველოში კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა, რადგან მგლის ჯიშები ნადგურდებოდა. კავკასიაში მგელი, როგორც სახეობა ქრებოდა და შესაბამისად, ამ მტაცებლის მოკვლა აიკრძალა”, - განმარტა დეპუტატმა.

უმრავლესობის წევრის თქმით, დასავლეთ საქართველოში, მგლის სოფლებში ჩასვლა იმითაა განპირობებული, რომ ტყეში წვრილფეხა ცხოველები აღარ არის და ასევე, ჩაის პლანტაციები გაველურდა, რის გამოც, მტაცებელმაც ადგილმდებარეობა შეიცვალეს.  

მოსახლეობა მთავრობას დახმარებას სთხოვს. თუმცა, მათ ინფორმაცია არ აქვთ, რომ მგლის მოკვლა იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ის, მოსახლეობას ზიანს აყენებს.

გამცემლიძის განცხადებით, გარემოს დაცვის მინისტრობის დროს, მან მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე დადგენილება წარადგინა, რომლის მიხედვით, მგლის მოკვლა შეიძლება თუ ის მოსახლეობის კუთვნილ ქონებას ანადგურებს და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. თუმცა, დეპუტატის თქმით, მთავრობა სიფრთხილეს იჩენს და მოქალაქეებს მგლის მოკვლა იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი მგლის ტყავს სახელმწიფოს ჩააბარებენ. ანუ, მოსახლეობა ბიზნესს ვერ  წამოიწყებს.

„მოსახლეობას უფლება აქვს მგელი მოკლას, თუ მტაცებელი მათ ზიანს აყენებთ და მათ ჯარიმა არ დაეკისრებათ”, - განაცხადა გამცემლიძემ.

შეგახსენებთ, რომ მგელი ადვილად ადაპტირებადი ცხოველია. მას შეუძლია იკვებოს ყველაფრით, რის დაჭერასაც მოახერხებს. ეული მგლის ჩვეულებრივ მსხვერპლს მცირე ზომის ირემი, ან ცხვარი წარმოადგენს. მგლის ხროვა კი, ცდილობს რაც შეიძლება დიდი ზომის მსხვერპლი მოინადიროს. ნადირობისას მგელი წარმატებას აღწევს ეულად მოხეტიალე ცხოველებთან, მაგალითად, ცხენ-ირემთან. ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი ყნოსვით გრძნობს მგლის მოახლოვებას და თავდაცვით რეაქციას ამძაფრებს. დიდი ზომის ცხოველები, როგორც წესი, წიხლით იგერიებენ მგლის შემოტევას. ასეთ შემთხვევაში მგელი ამჯობინებს უფრო იოლი ნადავლის მონადირებას. თუ მსხვერპლი გაექცა მგელს, ის მისდევს მას, თუმცა თავს ანებებს, იმ შემთხვევაში თუ უმალვე არ დაეწევა. მგლებისთვის ასეთ შემთხვევაში ენერგიის დახარჯვას არავითარი აზრი არ აქვს.  www.presa.ge

კატეგორია: ინფო | ნანახია: 727 | დაამატა: a11201 | თარიღი: 15.09.2011 | სრულიად ნახვა/კომენტარები (0)

აბა რომელი ვარიანტი ჯობია დაფოსტეთ შესაბამის თემაში

1



2

კატეგორია: ინფო | ნანახია: 689 | დაამატა: nukrifox | თარიღი: 09.08.2011 | სრულიად ნახვა/კომენტარები (1)

« 1 2 3 4 »

ძებნა

საიტის მენიუ

პროფილი


Гость !



სტუმარო , მოგესალმებით. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაციაა და/ან ავტორიზაცია!

მინი-ჩეთი

500

ამინდი

გამოკითხვა

გითევზავია დენის აპარატით


პასუხების რაოდებობა: 291
ხმათა რაოდენობა: 291