11.29.35 სამეგრელოში მგლებს „მგლური“ კანონებით შეებრძოლებიან | |
სამეგრელოში მგლებს „მგლური" კანონებით შეებრძოლებიან
[ლაშა ბერულავა] იყო დრო, როცა სამეგრელოში მგლებს მხოლოდ ილუსტრირებულ წიგნებსა და ჟურნალებში ათვალიერებდნენ, ხოლო ბავშვები მაშინ ხედავდნენ ცოცხალ მგლებს, როცა კარგად სწავლის სანაცვლოდ მამებს თბილისში, ზოოპარკში მიჰყავდათ.
ოცდამეერთე საუკუნემ ყველაფერში, მათ შორის, მგლების შემოსევაშიც თავისი კორექტივები შეიტანა და ახლა სამეგრელოს ტყეებიდან გამოსული მგლები 40 კილომეტრს გადიან, სხვადასხვა სოფლებს სტუმრობენ და დასახლებულ პუნქტებში სტუმრობაზეც არ ამბობენ უარს.
იმ დროებაში, როცა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისია და ადამიანებს შიათ, რა გასაკვირია, მგელსაც მოშივდეს: ტყეში წვრილფეხა ნადირი აღარ არის ან თუ არის, მგლებს ერიდება, მგელი კიდევ ხეზე ვერ ავა და ფრინველს ვერ დაუდარაჯდება: ბოლო გამოსავალი საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება და რომელიმე სოფლის განაპირა ნაწილზე თავდასხმაა. მგლები ამას ზოგჯერ ჯგუფურად აკეთებენ.
მართალია, ჯერჯერობით ადამიანებს ერიდებიან და სამეგრელოს რეგიონში ადამიანებზე თავდასხმა არ მომხდარა, მაგრამ, სამაგიეროდ, თავს ესხმიან საქონელსა და შინაურ ფრინველებს, რაც ზოგიერთი ოჯახისთვის არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე ადამიანზე თავდასხმა.
სამეგრელოში, ქალაქ ზუგდიდის აღმოსავლეთ შესასვლელისგან მარჯვნივ ურთას მთა მდებარეობს, რომელიც ნაწილობრივ მეჩხერი, ნაწილობრივ კი უღრანი ტყითაა დაფარული. ამ მთის ძირას და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე სოფელია განთავსებული: ურთა, ცაიში, ოდნავ მოშორებით, აბასთუმანი და თორსა. ამ საშიშ ზონაში შედის რამდენიმე სოფელი ხობის მუნიციპალიტეტიდანაც.
მოსახლეობა შეწუხებულია, რადგან, საკმაოდ თბილი ზამთრის მიუხედავად, მგლები ტყიდან გამოდიან და საქონელს ესხმიან თავს. როგორც ერთ–ერთმა, სოფელ თორსაში მცხოვრებმა მამაკაცმა, ბესა ჯიქიამ გვითხრა, იყო შემთხვევა, როცა მთელი სოფლის ნახირი საძოვარზე იყო წასული და ძროხებზე თავდასხმა მწყემსის თვალწინ მოხდა:
„მწყემსი ახალგაზრდა კაცი იყო, არ შეშინდა და ჯოხის ტრიალთან ერთად ხმამაღლა ყვირილიც დაიწყო, თანაც, უკვე ყელგამოჭმული, პატარა ზომის ხბოს სისხლის ხვრეპით გართულ მგელს ჯოხს ცხვირწინ უტრიალებდა, თუმცა, საბედნიეროდ, მგელს ხვრეპა და ჭამა არ შეუწყვეტია. როგორც იცით, ასეთ დროს ნებისმიერი ცხოველი ღიზიანდება ხოლმე და არ იყო გამორიცხული, მგელი მას მიბრუნებოდა.
ყვირილზე საძოვარზე რამდენიმე მამაკაცი ავედით, თუმცა, სამი ყელგამოჭმული ძროხის და შეშფოთებული მწყემსის გარდა არავინ დაგვხვდა. საერთოდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში მგლებისგან ისე დავზარალდით, როგორც არასდროს. მარტო ჩვენს სოფელში მგელმა 12 თხა დაგლიჯა ერთ სეზონზე, ძროხებს კი 7–ჯერ დაესხნენ თავს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს, როცა სამეგრელოში მცხოვრებ გლეხს მგელი მაკე ძროხას დაუგლეჯს..."
მგლების შემოსევების სიხშირის გამო გასულ წელს მოსახლეობამ ერთობლივი განცხადებით მიმართა ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებს, რათა მათთვის, გამონაკლისის სახით, ნება დაერთოთ, რომ მგლებს სანადირო თოფებით გამკლავებოდნენ.
როგორც ცნობილია, მგლის მოკვლა კანონით ისჯება და 400 ლარიან ჯარიმას, გამეორების შემთხვევაში კი უფრო მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს. გამგეობებმა მიიღეს გადაწყვეტილება, საშიშ ზონებში მგლების მოგერიების მიზნით მობილური ჯგუფები შეექმნათ, სადაც მონადირეთა კავშირის წევრები და ის მოხალისეები გაწევრიანდებოდნენ, რომლებსაც სანადირო თოფების გამოყენების უფლება აქვთ.
წლის დასაწყისიდან ასეთი მობილური ჯგუფები მართლაც მოქმედებს და თავდაპირველად რამდენიმე სოფელში სიტუაცია თითქოს გამოსწორდა, მაგრამ მგელი, ზოგადად ჭკვიანი ცხოველია და სიტუაციას მალე აუღო ალღო. შეიძლება ითქვას, ამ ღონისძიებამ არა ღონისძიებაში მონაწილეთა უსუსრობის ან მოუხერხებლობის, არამედ მგლების მხრიდან ალღოს აღების გამო არ გაამართლა.
ჯერჯერობით უცნობია,
მოახერხებენ თუ არა სამეგრელოს მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლება,
რამე დაუპირიპირონ მგლების ახალ შემოსევას, თუმცა ფაქტია, რომ ბრძოლა
უთანასწოროა: ამ დაპირისპირების პროცესში მგლებმა ოცზე მეტი თხა და ათზე
მეტი ძროხა დაგლიჯეს, მობილური ჯგუფების წევრთა ტყვიის მსხვერპლი კი მხოლოდ
სამი მგელი გახდა... www.presa.ge | |
|
სულ კომენტარები: 0 | |