09.42.25 მგლებმა ახლა ლეჩხუმს შეუტიეს | |
მგლებმა ახლა ლეჩხუმს შეუტიეს
18:59 14.09.2011 [თეონა მანაგაძე]
კახეთის რეგიონის მსგავსად, მტაცებელი ცხოველები არც ლეჩხუმს სწყალობენ. ლეჩხუმის რამდენიმე სოფელს, მგელი თავს ესხმის და მოსახლეობის კუთვნილ საქონელს გლეჯს. ადგილობრივები პანიკაში არიან და მთავრობას დახმარებას სთხოვენ. როგორც „პრესა.ჯი"-ს წყალტუბოს რაიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ განუცხადა, მგელი ტყიდან სოფლებში ჩადის და პირუტყვს ანადგურებს. სოფელ ლეხიდრისთავში მცხოვრებლის თქმით, ცოტა ხნის წინ, მის ოჯახს მგელმა ძროხა შეუჭამა და ღორი დაუგლიჯა. მისი ინფორმაციით, რაიონში მსგავსი ფაქტები ხშირია და მოსახლეობა მგლის მოკვლის უფლებას ითხოვს. „პრესა.ჯი"-სთან საუბრისას, ადგილობრივებმა შემზარავი ფაქტიც გაიხსენეს. შარშან ზამთარში, სოფელ საჩხეურში საშუალო ხნის მამაკაცი, საკუთარ ეზოში თავისა და ხელის გარეშე იპოვეს. მათი განცხადებით, ამ ფაქტის გამო მოსახლეობა პანიკაში იყო. საკითხის გარკვევას „პრესა.ჯი" პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა გამცემლიძესთან შეეცადა. გამცემლიძის განმარტებით, მგელი წითელ წიგნშია შეყვანილი და გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების სტრატეგიაა, რომ მგლის არცერთი სახეობა არ უნდა გადაშენდეს. შესაბამისად, მგლის მოკვლა განსაკუთრებული შემთხვევების გარდა იკრძალება. მისი ინფორმაციით, საბჭოთა კავშირის დროს მგლის ტყავში თანხებს იხდიდნენ, რის გამოც, მოსახლეობის ნაწილი ამ ცხოველს ხოცავდა და ერთგვარ ბიზნესს აწყობდა. „ამ ვითარების გამო, საქართველოში კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა, რადგან მგლის ჯიშები ნადგურდებოდა. კავკასიაში მგელი, როგორც სახეობა ქრებოდა და შესაბამისად, ამ მტაცებლის მოკვლა აიკრძალა”, - განმარტა დეპუტატმა. უმრავლესობის წევრის თქმით, დასავლეთ საქართველოში, მგლის სოფლებში ჩასვლა იმითაა განპირობებული, რომ ტყეში წვრილფეხა ცხოველები აღარ არის და ასევე, ჩაის პლანტაციები გაველურდა, რის გამოც, მტაცებელმაც ადგილმდებარეობა შეიცვალეს. მოსახლეობა მთავრობას დახმარებას სთხოვს. თუმცა, მათ ინფორმაცია არ აქვთ, რომ მგლის მოკვლა იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ის, მოსახლეობას ზიანს აყენებს. გამცემლიძის განცხადებით, გარემოს დაცვის მინისტრობის დროს, მან მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე დადგენილება წარადგინა, რომლის მიხედვით, მგლის მოკვლა შეიძლება თუ ის მოსახლეობის კუთვნილ ქონებას ანადგურებს და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. თუმცა, დეპუტატის თქმით, მთავრობა სიფრთხილეს იჩენს და მოქალაქეებს მგლის მოკვლა იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი მგლის ტყავს სახელმწიფოს ჩააბარებენ. ანუ, მოსახლეობა ბიზნესს ვერ წამოიწყებს. „მოსახლეობას უფლება აქვს მგელი მოკლას, თუ მტაცებელი მათ ზიანს აყენებთ და მათ ჯარიმა არ დაეკისრებათ”, - განაცხადა გამცემლიძემ. შეგახსენებთ, რომ მგელი ადვილად ადაპტირებადი ცხოველია. მას შეუძლია იკვებოს ყველაფრით, რის დაჭერასაც მოახერხებს. ეული მგლის ჩვეულებრივ მსხვერპლს მცირე ზომის ირემი, ან ცხვარი წარმოადგენს. მგლის ხროვა კი, ცდილობს რაც შეიძლება დიდი ზომის მსხვერპლი მოინადიროს. ნადირობისას მგელი წარმატებას აღწევს ეულად მოხეტიალე ცხოველებთან, მაგალითად, ცხენ-ირემთან. ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი ყნოსვით გრძნობს მგლის მოახლოვებას და თავდაცვით რეაქციას ამძაფრებს. დიდი ზომის ცხოველები, როგორც წესი, წიხლით იგერიებენ მგლის შემოტევას. ასეთ შემთხვევაში მგელი ამჯობინებს უფრო იოლი ნადავლის მონადირებას. თუ მსხვერპლი გაექცა მგელს, ის მისდევს მას, თუმცა თავს ანებებს, იმ შემთხვევაში თუ უმალვე არ დაეწევა. მგლებისთვის ასეთ შემთხვევაში ენერგიის დახარჯვას არავითარი აზრი არ აქვს.www.presa.ge | |
|
სულ კომენტარები: 0 | |