
ბავშვი თბილისში წაიყვანეს, ხოლო კატა მეორე დღესვე მოკვდა, რადგან ცოფიანი აღმოჩნდა. ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა, ბავშვისათვის სასწრაფოდ რომ არ მიეხედათ?!" - ამბობს პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილი, რომელმაც რაიონისათვის უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება:
- ქალბატონო თამილა, რა მოხდა შემდეგ, როდესაც დადგინდა, რომ ეს კატა ცოფიანი იყო?
- ჰერეთის ქუჩა, სადაც ეს ამბავი მოხდა, ინფექციის კერად გამოცხადდა და ყველა, ვინც კატას შეეხო, მკურნალობს. 34 ადამიანი იტარებს მკურნალობის სრულ კურსს. რაიონის მესვეურებმა მხოლოდ ამ შემთხვევის გახმაურების შემდეგ გაამახვილეს ყურადღება პრობლემაზე, დედოფლისწყარო ცოფის გავრცელების მხრივ რისკის ზონაშია, რადგან ეს საზღვრისპირა რაიონია, ტყეები ახლოს გვაქვს, ძალიან ბევრია მგელი, ტურა. რამდენიმე თვის წინ სოფელ წითელწყაროში მგელი წყაროსთანაც კი დაინახეს. ცოფის ვირუსის გადამტანებად სწორედ გარეულ ცხოველებს მიიჩნევენ, ამიტომ რაიონში ცოფის გავრცელების საშიშროება ძალიან მაღალია. იანვარში, როდესაც ჩვენი რაიონის ბიუჯეტი დამტკიცდა, ცოფის პრევენციაზე თანხა გამოყოფილი არ იყო.
ჩვენ ეს გავაპროტესტეთ და უკვე თებერვალში საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა განაცხადა, რომ ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებებისათვის 16 ათას 350 ლარი გამოიყო. ამ თანხით უნდა მომზადებულიყო პერსონალი, მოსახლეობისათვის პროფილაქტიკური და საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩაეტარებინათ, ანტირაბიული კაბინეტი მოეწყოთ და აცრები ჩაეტარებინათ. თანხა ჯანდაცვის ცენტრს ჩაურიცხეს, მაგრამ რატომღაც რაიონში იმუნოგლობულინის ვაქცინა არ არის, მაწანწალა ძაღლებისაგან მოსახლეობის დასაცავად კი თავის დროზე არაფერი გაკეთებულა.
ადგილობრივი მოსახლეობა ბოლო ხანებში შეწუხებული იყო ძაღლების სიმრავლით. ხალხი ამბობდა, ქუჩაში ვეღარ გაგვივლიაო. მოსახლეობამ განცხადება გამგეობაშიც შეიტანა, მაგრამ ამის საპასუხოდ საკრებულოს თავმჯდომარემ და გამგებელმა განაცხადეს, ჩვენ ვეძებთ ჰუმანურ გზას, რომ ეს პრობლემა გადავწყვიტოთო.
- მაინც რა იგულისხმეს "ჰუმანურ გზაში?"
- ალბათ, მაწანწალა ძაღლების თავშესაფარში მოთავსება. მე ცხოველების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: დღეს, როდესაც საქართველოში სოციალური სიდუხჭირეა, ამდენი ხალხი ვერ დაგვიბინავებია, როდესაც ლტოლვილებს ყრიან საცხოვრებელი ადგილებიდან, ჩვენი საკრებულოს თავმჯდომარე თვეების განმავლობაში ფიქრობს მაწანწალა ძაღლების დაბინავებაზე. ვიდრე ჩვენი საკრებულო და მისი თავმჯდომარე 4-5 თვის განმავლობაში ფიქრობდნენ, რა ჰუმანური გზა გამოეძებნათ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, დედოფლისწყაროში 209 ადამიანი დაკაწრეს და დაკბინეს მაწანწალა ძაღლებმა.
როდესაც ადამიანს შინაური ძაღლი დაკბენს, აკვირდებიან და თუ ცხოველი არ მოკვდება, ათი დღის შემდეგ ვაქცინაცია წყდება, მაგრამ მაწანწალა ძაღლისაგან დაკაწვრის ან დაკბენის შემთხვევაში ადამიანი იძულებულია, მკურნალობის კურსი სრულად ჩაიტაროს და სოლიდური თანხა დახარჯოს, რადგან ვაქცინაცია ფასიანია. ისედაც გაჭირვებული ხალხი იძულებულია, გაიკეთოს ვაქცინა, რომელსაც ჯანმრთელობისთვისაც არ მოაქვს სასიკეთო შედეგი.
- თუ აღირიცხა რაიონში ცოფით დაავადების შემთხვევები?
- რაიონის ჯანდაცვის ცენტრი აცხადებს, ცოფის შემთხვევა ადამიანებში არ აღრიცხულაო, მაგრამ 2011 წელს ცხოველებში გამოვლინდა ცოფის ოთხი შემთხვევა. ერთ-ერთ ოჯახში ცოფიანი ძროხა აღმოჩნდა, რის გამოც მთელმა ოჯახმა აცრები ჩაიტარა. ამ შემთხვევების შემდეგ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სასწრაფო პრევენციული ღონისძიებები უნდა გაეტარებინა. თავზე ხელი კი არ უნდა შემოედოთ და ეფიქრათ, ნეტავ რომელი ჰუმანური გზა მოვძებნოთ ამ საკითხის მოსაგვარებლადო. ამასობაში, ვიდრე ჩვენი საკრებულო და მისი დეპუტატები ფიქრობდნენ და მსჯელობდნენ, ასეთი სავალალო შედეგი მივიღეთ:
209 ადამიანს პროფილაქტიკის მიზნით მოუხდა მკურნალობა, 34 კი ცოფიან კატასთან კონტაქტის გამო მკურნალობის სრულ კურსს თუ არ ჩაიტარებს, სასიკვდილოდ არის განწირული. მათგან ორი ამბობს, კი შევეხეთ კატას, მაგრამ უფულობისა და უსახსრობის გამო ვერ მოვახერხეთ აცრის ჩატარებაო. ამის საპასუხოდ ჯანდაცვის ცენტრის მოადგილე ლალი ალადაშვილმა ინტერნეტგაზეთ "ქიზიყში" აბსურდული განცხადება გააკეთა: მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები დაგვპირდნენ, ამ ორი ადამიანის მკურნალობას ჩვენ დავაფინანსებთო.
მგონი, ჯანდაცვის ცენტრში უნდა იცოდნენ, რომ ადამიანი, რომელიც შეეხო ცოფიან ცხოველს, 24 საათის განმავლობაში უნდა აიცრას, შემდგომში მისი მკურნალობა უკვე დაგვიანებულია. როდესაც ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ასეთ განცხადებას მერვე დღეს აკეთებს, აშკარაა, რომ ის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის პიარზე უფრო ზრუნავს, ვიდრე ხალხზე. როდესაც მკურნალობა დაგვიანებულია, გინდ აუცრან და გინდ ხალიჩაზე დააბრძანონ, პაციენტს მაინც ვერაფერი უშველის.
- თუმცა ამბობთ, რომ ჰერეთის ქუჩაზე მომხდარმა ფაქტმა რაღაც სასიკეთო შედეგი მაინც გამოიღო.
- ამ ამბის გახმაურების შემდეგ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა გამოფხიზლდა და დედოფლისწყაროში მაწანწალა ძაღლები სადღაც გააქრო.
- დროულად რატომ არ მიხედეს ამ ძაღლებს?
- იმიტომ, რომ გულგრილად ეკიდებიან ხალხის პრობლემებს. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ამ ხალხმა სარჩელი რომ შეიტანოს შესაბამისი სამსახურების წინააღმდეგ, სასამართლო პროცესს მოიგებს. წესითა და რიგით, თავიდანვე უნდა ჩატარდეს პრევენციული ღონისძიებები, რომ მოსახლეობა დაცული იყოს ისეთი საშინელი დაავადებებისაგან, როგორიცაა ცოფი, ჯილეხი და სხვა. ვეტერინარიის სამსახური თავს იმართლებს, რა ვქნათ, არ გვაძლეენ ცოფის ვაქცინას, თანაც შტატები შეგვიმცირესო, ერთადერთი სპეციალისტია დარჩენილი ამ სამსახურში - ეთერ იაკობიშვილი.
მართალია, ერთი და ორი ადამიანი ვერ შეძლებს მთელი რაიონის ცხოველების აცრას, მაგრამ ხომ შეიძლება ხალხი გააფრთხილონ. ისე, ერთი იმ 250 ოჯახშიც შეიხედონ, რომელიც მკურნალობს, ზოგიერთს პურის ფულიც არა აქვს და იძულებულია დაკბენილმა საავადმყოფოში იაროს და აცრები ჩაიტაროს. ვეტერინარიის სამსახურში ვინც დარჩა, პრევენციისათვის ისიც არაფერს აკეთებს. რაიონის მოსახლეობა დაუცველია, მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ ეს არავის ანაღვლებს.
P.S. დედოფლისწყაროს რაიონის ვეტერინარიის სამსახურის წარმომადგენელმა ეთერ იაკობიშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა: "მე უფლებამოსილი არ ვარ, ჟურნალისტებს ინტერვიუ მივცე, თუმცა ისიც უნდა გითხრათ, რომ რაიონში უკვე ყველა ღონისძიება ჩატარდა ამ პრობლემის მოსაგვარებლად."
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"