მუხლი 3. ნადირობის წესები
1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ გადამფრენ ფრინველებზე ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადებისა და დღიური ლიმიტების დაცვით გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე.
3. ნადირობა (გარდა გადამფრენი ფრინველისა) დაიშვება ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ პირობებს, რომელთა დაცვაც სავალდებულოა. (27.12.2011 N 275)
4. ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები განისაზღვრება ამ დებულების მე-4 დანართით.
5. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება.
6. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”.
7. ნადირობა აკრძალულია, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. (27.12.2011 N 275)
8. აკრძალულია ნადირობა მთელი წლის განმავლობაში: (27.12.2011 N 275)
ა) ერთ წლამდე დათვის ბელზე, ასევე დათვის მდედრ ინდივიდზე, რომელსაც ჰყავს ერთ წლამდე ბელი;
ბ) ამ დებულების 31 მუხლის „ბ", „დ", „რ", „ტ", „უ", „ფ" და „ღ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეობების მდედრ ინდივიდებზე;
გ) ჯიხვის მამრ ინდივიდზე, რომლის რქის სიგრძეც (მრუდზე) 100 სმ-ზე ნაკლებია;
დ) ირმის მამრ ინდივიდზე, რომლის რქებიც არ არის დატოტვილი ან/და დატოტვილია და მთავარი ღერძის სიგრძე 90 სმ-ზე ნაკლებია;
ე) შველის მამრ ინდივიდზე, რომლის რქაც არ არის დატოტვილი; 9. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები:
ა) მცენარეული საფარის დაწვა;
ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, გარდა ფრინველთა აღწარმოების მიზნით სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა, ან განადგურება;
დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველების მოპოვებისას, აგრეთვე, გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების შესაბამისად დადგენილი ქმედებების განხორციელებისას), სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ე) ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;
ვ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;
ზ) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;
თ) მსხვილი ჩლიქოსნებისა და დათვის მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით, რომლის დიამეტრიც 5 მმ-ზე ნაკლებია. (27.12.2011 N 275)
10. ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლებისა და სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების (შემდგომში – მტაცებელი ფრინველი) გამოყენება. (27.12.2011 N 275)
11. მტაცებელი ფრინველების გაწვრთნა დაიშვება ნადირობისათვის დაშვებულ ვადებში და პირი, რომელიც ახორციელებს მტაცებელი ფრინველის წვრთნას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) ან/და ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტი. (27.12.2011 N 275)
12. მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში. პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები. (27.12.2011 N 275)
13. დადგენილი წესით ტყვეობაში გამრავლების მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტის გარემოდან ამოღება დასაშვებია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ინდივიდის სიცოცხლეს, აღნიშნულ შემთხვევაში არ მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ", „გ", „დ" და „ე" ქვეპუნქტითა და ამ დებულების 31 მუხლით დადგენილი აკრძალვები. (27.12.2011 N 275)